როგორ შემოუერთდეთ KineDok-ს?

შემოგვიერთდით

იპოვეთ თქვენი სივრცე

აჩვენეთ ფილმები

ავტორი: სზაბი სზირონი, ზსომბორ სზაბოლკს პალი, KineDok უნგრეთი

1. თქვენი მოტივაცია

ერთი წუთით დაფიქრდით, რისკენ ისწრაფვით და რა გაინტერესებთ. დაუსვით საკუთარ თავს სამი შეკითხვა თქვენს მოტივაციაზე, რადგან მათზე პასუხები ამ შთამაგონებელი მოგზაურობის დროს საიმედო მეგზურობას გაგიწევთ:

− მიყვარს, თუ არა დოკუმენტური კინო?

− მადარდებს, თუ არა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები?

− მახარებს, თუ არა ადამიანებს გაერთიანებაში დავეხმარო?

თუ ამ კითხვებიდან ორს მაინც უპასუხეთ დადებითად, მაშინ შეგიძლიათ, KineDok-ს შემოუერთდეთ.

2. გამოყავით დრო სწავლისთვის

გთხოვთ, დრო დაუთმოთ სახელმძღვანელოს „როგორ მოვაწყოთ ჩვენების სივრცე“ წაკითხვას (ხელმისაწვდომია kinedok.net-ზე). ეს სახელმძღვანელო KineDok-ის პოტენციური წევრებისთვის და ჩვენების ორგანიზებაში ჩართული პირებისთვის შევიმუშავეთ.

3. მომზადება

როგორი წარმოგიდგენიათ საუკეთესო ადგილი დოკუმენტური ფილმების ჩვენებისთვის? მოიძიეთ ისეთი ადგილი თქვენს ქალაქსა თუ სამეზობლოში, რომელიც იზიარებს თქვენს ღირებულებებს და დიდი ეკრანით და პროექტორითაა აღჭურვილი. მას შემდეგ, რაც სივრცეს იპოვით, დროა, ფილმის ჩვენების განრიგზე იფიქროთ. ამ შემთხვევაში, მთავარია, ჩვენებებს რეგულარული ხასიათი ჰქონდეს, რათა თქვენი აუდიტორია ყოველ მომდევნო ჩვენებას დაელოდოს. როდესაც ჩვენებას გეგმავთ, შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა თქვენი ღონისძიების მსგავსი ღონისძიება არ ტარდება.

თუ მარტო მუშაობა არ მოგწონთ, ჩვენების ორგანიზებაში ჩართეთ თანამოაზრეები (მეგობრები, კოლეგები, მეზობლები). სასიამოვნოა ისეთი მასპინძლის ყოლა, ვისაც ადამიანებთან საუბარი უყვარს; ან ტექნოლოგიებში გარკვეული ადამიანი, რომელსაც ყველა გაჯეტის გამართვა შეუძლია; ან ისეთი ფოტოგრაფი, ვინც შთამბეჭდავ ფოტოებს გადაიღებს; ან სოციალური მედიის მცოდნე, ვინც თქვენს გამომწერებთან ეფექტიან კომუნიკაციას შეძლებს. ცხადია, შესანიშნავია, თუ ამ ყველაფრის გაკეთება თავად შეგიძლიათ, მაგრამ კოლექტიური ძალისხმევა შრომას აიოლებს. ერთად მუშაობას მეტი მხიარულება მოაქვს და რაც მთავარია, შედეგი უფრო მდგრადია, მით უფრო, თუ დოკუმენტური ფილმების ჩვენებას ხანგრძლივად და რეგულარულად გეგმავთ.

უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გაქვთ. ახლა იმაზე დაფიქრდით, რატომ გსურთ დოკუმენტური ფილმების ჩვენება და ვინ არის თქვენი აუდიტორია. მას შემდეგ, რაც ამ შეკითხვებს უპასუხებთ, შეგიძლიათ, თქვენს ქვეყანაში KineDok-ის კოორდინატორს დაუკავშირდეთ.

4. რას უნდა მოელოდეთ KineDok-ისგან

კონტრაქტის ხელმოწერა

თქვენსა და KineDok-ს შორის გამარტივებული კონტრაქტი ფორმდება, რომლის მიხედვითაც, KineDok-ი ფილმების საავტორო უფლებების ლიცენზიებს უზრუნველყოფს, თქვენ კი პასუხისმგებლობას იღებთ, რომ გაუფრთხილდებით ფილმების ასლებს და დაიცავთ ბმულების კონფიდენციალურობას.

ფილმების შერჩევა

ახლა დროა, KineDok-ის კატალოგში გადაეშვათ და თქვენი საყვარელი ფილმები შეარჩიოთ. გირჩევთ, ისეთი ფილმები შეარჩიოთ, რომელიც თავადაც ძალიან მოგწონთ. გახსოვდეთ, ჩვენების დასრულებისა და შუქის ანთების შემდეგ, ოთახში აუდიტორია დაგხვდებათ. თქვენი საყვარელი ფილმების ჩვენების შემდეგ კი არ გაგიჭირდებათ მათთან ავთენტური და ემოციური კავშირის დამყარება.

გაავრცელეთ ინფორმაცია თქვენი ღონისძიების შესახებ

მას შემდეგ, რაც ხელს მოაწერთ კონტრაქტს და ფილმებს შეარჩევთ, ჩვენ Google Drive ბმულს გაგიზიარებთ, სადაც ატვირთულია ფილმი, სუბტიტრების ფაილი და PR მასალები, რომელიც ფილმის პოპულარიზებაში დაგეხმარებათ (რა გამოაქვეყნოთ სოციალური მედიით, კადრები ფილმებიდან, რეჟისორების ვიდეო წარდგენები, ლოგოები, ტრეილერები, პოსტერები და სხვა). ამ ყველაფრის გამოყენება აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის შეგიძლიათ.

წევრობა უფასოა

KineDok-ის წევრობა სრულიად უფასოა. დამატებით, დაგეხმარებით თქვენი ღონისძიების პოპულარიზებაში, გავავრცელებთ ინფორმაციას ჩვენი საიტისა და სოციალური არხების საშუალებით. ხშირად ვაწყობთ დისკუსიებს სტუმრების მონაწილეობით (ვუხდით ანაზღაურებას, ვფარავთ მოგზაურობისა და ცხოვრების ხარჯებს). მეტიც, ჩვენ ხშირად ვიღებთ ვიდეოებს კონკრეტული ადგილების პოპულარიზაციისთვის, რათა ამ სივრცეების ხანგრძლივად გამოყენება და აუდიტორიის მოზიდვა შეძლოთ. ასევე ვაწყობთ ყოველწლიურ სემინარებსა და შეხვედრებს სივრცეების მენეჯერებთან, დისკუსიებს რეჟისორებთან, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამიტომ ჩვენთან წევრობით დიდი ქსელის ნაწილიც ხდებით.

ის, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ

KineDok-ი არაკომერციული პროექტია და საჯარო წყაროების ფინანსური მხარდაჭერით არსებობს. ამიტომ აუცილებელია, დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენი სპონსორის ლოგოს ფილმის ჩვენებაზე მოსული სტუმარი იოლად შეამჩნევს. მსგავს საკითხებთან დაკავშირებული ყველა დეტალი აღწერილია დოკუმენტში „მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფილმის ჩვენებამდე“ (დოკუმენტის გადმოწერა შეგიძლიათ საიტიდანაც), რომელსაც Google Drive-ის ბმულით, ფილმის შესახებ ინფორმაციასთან და PR მასალებთან ერთად მიიღებთ. იმის მიუხედავად, რომ KineDok-ის ჩვენებებზე დასწრება უფასოა, თქვენზეა დამოკიდებული, ეცდებით თუ არა ნებაყოფლობითი შემოწირულების შეგროვებას.

ჩვენების შესახებ ანგარიშის წარდგენა

ყოველი ჩვენების შემდეგ, გთხოვთ, ანგარიში გამოგვიგზავნოთ, რომელიც აერთიანებს ცნობებს სტუმრების რაოდენობის, მათთან გამართული დისკუსიის შესახებ და სხვა დამატებით დეტალებს. ასევე გთხოვთ, რომ ჩვენებიდან მინიმუმ ორი ფოტო გამოგზავნოთ.

დაიმახსოვრეთ!

ყოველი ჩვენების შემდეგ, თქვენი თავი გაამხნევეთ. კინოს მაგიური ძალა აქვს და მნიშვნელოვანი თემების შესახებ დისკუსიის დაწყება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რომელსაც საზოგადოება ეფუძნება. გვჯერა, რომ ყოველ ჩვენებას ცვლილების გამოწვევა შეუძლია. მნიშვნელოვან თემებზე საუბრით და ადამიანების ჩართულობის ხელშეწყობით თქვენ უკეთეს სამყაროს ქმნით. კინოს ადამიანების გაერთიანებისა და ცვლილებების ძალა შესწევს. ამიტომ, ამ ძალის გამოყენებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. ათეულობით დოკუმენტალისტი, ასეულობით სივრცე და ათასობით მაყურებელი ყოველწლიურად ამის დასტურია.


ნუ დაგავიწყდებათ, რომ KineDok-ი ყოველთვის მხარში გიდგათ. თუ ოდესმე ჩიხში აღმოჩნდებით, გახსოვდეთ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. გვჯერა, რომ არც ერთი პრობლემა არ არის დაუძლეველი. მზად ვართ, საჭირო გადაწყვეტილებების პოვნაში დაგეხმაროთ.

წყაროები

ფოტოები:

სალომე ბენიძე

დანიელ ესზტერი

მეტის წაკითხვა

უკან დაბრუნება

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.