ქართული კატალოგი

უახლესი ქართული დოკუმენტური კინო

გაზიარება:

კინოცენტრში განვითარებული მოვლენების გამო, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დოკუმენტური კინო და ქართველი რეჟისორები დიდ აუდიტორიას გავაცნოთ. წარმოგიდგენთ ქართული დოკუმენტური ფილმების კატალოგს, რომელთა ნახვაც შეგეძლებათ შემდეგი თვეების განმავლობაში როგორც ფიზიკურ ჩვენებებზე, ასევე ჩვენს VOD პლატფორმაზე.

აღდგომა (2022)

რეჟისორი : ნიკოლოზ ბეჟანიშვილი

„საბჭოთა კავშირის დაშლა 20-ე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური დანაშაულია“ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამ აზრს სტალინის მშობლიური ქალაქის, გორის კომუნისტური პარტიის უხუცესი წევრები კატეგორიულად ეთანხმებიან და იწყებენ ბრძოლას სტალინური იდეოლოგიის და მისი მონუმენტის დაბრუნებისთვის, რომელიც 2010 წელს ქვეყნის პროდასავლურმა ხელისუფლებამ აიღო ქალაქის ცენტრალური მოედნიდან. თუმცა მათი ოცნებები იმსხვრევა, როდესაც აწყდებიან როგორც ქვეყნის ახალ რეალობას, ასევე პარტიაში არსებულ სიტუაციას, რაც მიზნის მიღწევას შეუძლებელს ხდის.

წყალს საზღვრები არ აქვს (2021)

რეჟისორი: მარადია ცაავა

მას შემდეგ, რაც 1993 წელს საქართველომ აფხაზეთის რეგიონზე კონტროლი სრულად დაკარგა, ენგურის ჰიდრო ელექტრო სადგური საზღვარმა შუაზე გაყო. სადგურსა და კაშხალს შორის გადაჭიმული 15 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბი დღეს თვითაღიარებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ერთადერთი და უკანასკნელი კავშირია. ფილმის რეჟისორი საზღვრის გადალახვას და სადგურის ნახვას ცდილობს. ინჟინერ- მექანიკოსი ირაკლი კი მისი მთავარი მეგზურია. მათი ყველა მცდელობა, გადალახონ საზღვარი, კრახით სრულდება. თუმცა გზად ისინი აწყდებიან დაფარულ, საიდუმლო ამბებს, რომლებიც ზედაპირზე ისეთივე უხილავია, როგორც 15 კილომეტრიანი გვირაბი მიწის ქვეშ, რომლის კარებიც მოულოდენლად იხსნება.

გვირაბი (2019)

რეჟისორი: ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი

იმერეთის მთიან სოფელში ასობით ჩინელი და ქართველი მუშა საქართველოს ყველაზე გრძელ გვირაბს თხრის. ამ გვირაბმა ჩინეთიდან ევროპამდე გზა უნდა შეამციროს. აქამდე თითქოს დროში გაყინული სივრცე დიდი ცვლილებების მოლოდინით ივსება, თუმცა იმედებისა და დაპირებების მიუხედავად, უკეთესი მომავალი არ ჩანს. სოფელში შემოჭრილი გვირაბი ახალი გამოწვევების მიზეზი ხდება. ამბოხს ჯერ ადამიანები იწყებენ, შემდეგ კი ბუნება.

ალგორითმული კუნძული (2018)

ფილმი, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე მდებარე სოფელ ანაკლიაში, 2011 წლიდან დღემდე, ფუტურისტული ქალაქისა და ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების მცდელობებისა და მარცხების შესახებ გვიყვება. ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი იმ ამბიციური ინფრასტრუქტურული ინვესტიციების შედეგად წარმოქმნილ სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობებს იკვლევს, რომლებიც ახალი აბრეშუმის გზის სპეკულატიური პროექტისკენ - საქართველოს სავაჭრო დერეფნად ქცევისკენაა მიმართული.

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, ანაკლიაში აღმოცენებული მოუხერხებელი ინფრასტრუქტურული ლანდშაფტებისა და მასთან დაკავშირებული არქიტექტურული ფრიქციების მოკვლევით, ფილმი აკვირდება, თუ როგორ მანიფესტირდება პერიფერიული, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შენობათა დიზაინში ამ ინვესტიციების გეგმარებითი სტრატეგიები, ოპერირების ლოგიკები და შეცდომებიც კი, რომლებიც, როგორც წესი, თან ახლავს ამ მისწრაფებებს, ტექნოლოგიურად მართული, დაბრკოლებებისგან თავისუფალი ურბანული ცხოვრებისაკენ.

რესპუბლიკა (2022)

შავი ზღვისპირეთის მთებში, ნისლში მოცულ ნაგავსაყრელზე ცხოვრობს დათო. მისი საუკეთესო მეგობრები ცხოველები არიან. ნაგავსაყრელზე დათო ყოველდღიურად აგროვებს სამშენებლო მასალას, იმისთვის, რომ თავის ცხოველებს დამოუკიდებელი „რესპუბლიკა“ აუშენოს. უცნაური რესპუბლიკა

ნელ-ნელა შენდება.

დათო ფულს მუყაოს ჩაბარებით შოულობს, მაგრამ ერთ დღესაც, ის ამ შემოსავალს კარგავს და იძულებულია, თავისი საყვარელი თხა გაყიდოს, რომ გადარჩეს. დათო დეპრესიაში ვარდება, რადგან ყველა ცხოველი მისთვის ოჯახის წევრია. დათო საკუთარ თავში ახალ ძალას პოულობს, ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა კრიზისი უარესდება. დათო იძულებულია იმ საზოგადოებას დაუბრუნდეს, რომელსაც ის ოდესღაც განუდგა. ამის მიუხედავად ის არ ელევა თავის უტოპიურ იდეას, რომ რესპუბლიკა ააშენოს, თუმცა, რას აშენებს დათო? ნამდვილ, დამოუკიდებელ რესპუბლიკას, თუ უბრალოდ ფერმას, რომელსაც „რესპუბლიკა“ ჰქვია?

დაისის მიზიდულობა (2016)

რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ფილმი ერთი პატარა ქალაქის ფსევდო-ეთნოგრაფიულ პორტრეტს ქმნის, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და სადაც თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება. ტელევიზიის ერთადერთი ჟურნალისტი დარიკო დანტეს “ღვთიური კომედიის” ვერგილიუსივითაა, რომელიც მაყურებელს ქალაქის მკვიდრთა ყოფის ლაბირინთში მიუძღვება.

ანას პროცესი (2023)

ფილმი გვიყვება ქალი ადვოკატის შესახებ, რომლისთვისაც სწორედ ასეთი  კანონები იქცა ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად. მათი დახმარებით  ანა ახერხებს, რომ ათობით უიმედო საქმე სასამართლომდე მიიტანოს და მოიგოს კიდეც.   

თუმცა, ერთ წაგებულ საქმესაც თავისი ფასი აქვს და დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ასობით ქალს, ბავშვს, მოხუცსა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს.

პატრიარქალურ საზოგადოებაში ანა თავადაც უნდა გადარჩეს. 

როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატს, მასაც უწევს გამოცდის ჩაბარება კაცი დეპუტატების წინაშე, რომელთა კითხვებიც ხშირად საქმესთან კავშირში სულაც არაა. 

ანას წარუმატებლობისა და წარმატების კვალდაკვალ, მაყურებელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების მოწმე ხდება.

ატონალური გაბრწყინება (2021)

ფილმის მთავარი გმირია 10 წლის გენიოსი კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე, რომელიც ბავშვური სიმარტივისა და მოწიფული ემოციების უნიკალურ კომბინაციას წარმოგვიდგენს.

მზიური

მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა სოციოლოგიური კვლევებზე ინტერვიუერად მუშაობს, ეს სამუშაო მარტოობის დაძლევაში ეხმარება და მზიურის სოციალური ცხოვრების ერთადერთი წყაროა.

უყურეთ დოკუმენტურ ფილმებს ახლავე.

გააცოცხლეთ კულტურა თქვენს ქალაქში

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.