დოკუმენტური ჟანრის საიდუმლოებანი
ფრანცისეკ ეფ. ჰორვატი, პროდიუსერი, ჩეხეთი
ასახვა/დოკუმენტირება − ეს ზმნა თავის თავში მოიაზრებს ჩაწერის, აღწერის, ინფორმაციის მოპოვების, ასევე, მოვლენების, დეტალების სისტემატურად და ორგანიზებულად აღწერის აქტს. დოკუმენტირება რამდენიმე ფორმით არის შესაძლებელი: დაწერილი ტექსტით, ფოტოთი, აუდიო ჩანაწერით, ან ვიდეო ფაილით. ისინი შეიძლება გამოვიყენოთ ამბის შემოსანახად, ანალიზისთვის, კომუნიკაციისთვის, ან სამართლებრივი მიზნებისთვის. დოკუმენტირება გულისხმობს ჩანაწერს, რომელიც გამოდგება აზრის გადმოსაცემად, ასახსნელად, მტკიცებულებად. მას სხვადასხვა სფეროში იყენებენ: ბიზნესში, კვლევაში, განათლებაში. ChatGPT 3.5, 7 იანვარი, 2024
ამ თავის შესავლისთვის AI-ს ვთხოვე, რომ ზმნა ,,დოკუმენტირება” განემარტა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი, როგორც არსებითი სახელი და დოკუმენტირება, როგორც ზმნა, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, აქვთ კი სინამდვილეში მათ ერთი და იგივე მნიშვნელობა? რაც უფრო დიდი ხანი გადის, რაც აუდიოვიზუალურ მედიაში ვმუშაობ, სულ უფრო მაეჭვებს ამ სიტყვის მნიშვნელობა და მისი სხვადასხვაგვარი კონოტაცია თითქოს უსასრულო ციკლში მხვევს. დოკუმენტური კინო მართლაც „მტკიცებულება“ და „ჩანაწერია?
კინემატოგრაფიის დასაწყისში, რამდენიმე დოკუმენტურმა ფილმმა დროის მოკლე პერიოდი აღბეჭდა. დღეს მათ ,,ნიუსრილსებს” დავარქმევდით. 1922 წელს, დოკუმენტური კინოს პიონერი რეჟისორის, რობერტ ჯ. ფლაჰერტის ფილმი „ჩრდილოეთის ნანუკი“ ამის მაგალითია. რეჟისორი არა მხოლოდ რამდენიმე სცენას აღწერს ესკიმოსების ცხოვრებიდან არქტიკული წრის მიღმა, არამედ ამ ფილმს თხრობის თანმიმდევრულ სტრუქტურას აძლევს და ინუიტების ოჯახს ახლოდან გვაცნობს. მაყურებელმა იცის, რომ ფლაჰერტიმ ტომის მხოლოდ რამდენიმე წევრი შეარჩია გადასაღებად, რომლებიც ზუსტად შეესაბამებოდნენ სტერეოტიპებს, ზოგიერთს სახელიც კი შეუცვალა, რომ დასავლელ აუდიტორიას ადვილად დაემახსოვრებინა. იმის მიუხედავად, რომ ნანუკი თავისი არსით არ არის „ჩანაწერი“ და „მტკიცებულება,“ ჩვენ მას დღემდე დოკუმენტურ ფილმად მოვიხსენიებთ.
მაშინ, როგორია ,,დოკუმენტურის” განმარტება? ფილმი, რომელიც რეალურ მოვლენებს ასახავს? ამ შემთხვევაში, ,,ტიტანიკიც” (1997) დოკუმენტურ ფილმად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, ეს ასე არ არის. შეიძლება ვთქვათ, რომ დოკუმენტური ფილმი რეალურ ადამიანებზე ჰყვება ამბავს? თუმცა, The Crown (2016-2023) ამასაც შეესაბამება.
,,რეალობის შემოქმედებითი ინტერპრეტაცია“ ასე განმარტავს შოტლანდიელი რეჟისორი ჯონ გრიერსონი დოკუმენტურ კინოს. ეს, ალბათ, ყველაზე მიახლოებული განმარტებაა იმისა, რასაც სიტყვა ,,დოკუმენტურის” გაგებისას წარმოვიდგენთ. როგორც წესი, ვიცით, რომ რეალურ მოვლენებსა და რეალური ადამიანების ცხოვრებას ვუყურებთ. მაგრამ მათ ამბავს სწორედ კონკრეტული რეჟისორის პერსპექტივიდან ვხედავთ. ამ ადამიანებმაც იციან, რომ კამერის ობიექტივში არიან.
თავის ლეგენდარულ წიგნში „შესავალი დოკუმენტურ კინოში“ ბილ ნიკოლსი ავრცობს „დოკუმენტურის“ ყველაზე ზოგად განმარტებებს და თეზისად გვთავაზობს:
„დოკუმენტური ფილმები ნამდვილ სიტუაციებსა და მოვლენებზე გვიყვება და პატივს სცემს ფაქტებს; ისინი არ გვთავაზობს გადაუმოწმებელ ამბებს. უფრო მეტად ისტორიულ სამყაროზე გველაპარაკება და ყველაზე ნაკლებად ალეგორიულზე.” ის ამტკიცებს, რომ „დოკუმენტური ფილმები ნამდვილ/რეალურ ადამიანებზეა, რომლებიც არ თამაშობენ და როლებს არ ირგებენ.“ ბილ ნიკოლსი ასევე დასძენს, რომ “დოკუმენტური ფილმი მომხდარის სარწმუნო ასახვაა და არა იმის წარმოსახვითი ინტერპრეტაცია, რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო.“
რეალობის შემოქმედებითი აღქმა
მაშინ რატომ ვქმნით და ვუყურებთ დოკუმენტურ ფილმებს? ახლა რატომ კითხულობ ამას? რატომ არსებობს ისეთი პროექტები და ინიციატივები, როგორიც KineDok-ია? დიდი ალბათობით იმიტომ, რომ დოკუმენტური ფილმები გვაძლევს იმას, რაც უკვე გვინახავს მხატვრულ ფილმებში. ისინი სხვადასხვა სამყაროში გვამოგზაურებს და ადამიანების ცხოვრებას გვანახებს − სხვა რეალობაში გადავყავართ, რომელიც ხშირად არაკომფორტული და კომპლექსურია და არ აქვს მარტივი, ან მკაფიოდ განსაზღვრული პასუხები.
ჩვენ უცნობი/უცხო ადამიანების ცხოვრებაში ვიხედებით; ვიცით, რომ არის მხატვრული ელემენტებიც, შერჩეული გამოსახულება, განსაზღვრული კადრირება, სტილიზებული მონტაჟი, დამუშავებული ხმა. მიუხედავად ამისა, ასეთ თხრობას ვუყურებთ რწმენით, რომ ეს დოკუმენტური ფილმი რეალობას ასახავს, ყოველ შემთხვევაში, მინიმალური ჩარევით. თ
კინოწარმოებაზე ჩემს ლექციას ყოველთვის ვიწყებ იმის თქმით, რომ „კინო კოლექტიური/გუნდური სამუშაოა.“ ყველამ ვიცით, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს ზოგიერთი ფილმის გადამღები ჯგუფი. რამდენი ადამიანია ხოლმე ჩართული ერთი შეხედვით პატარა და მარტივ პროექტში. თუმცა, მაყურებლის გათვალისწინება ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგაც არსებითია. დისტრიბუციას ვგულისხმობ. თითოეული საჯარო ჩვენებაც გუნდური სამუშაოა. სივრცე განხილვისთვის, რეფლექსიისთვის, ინსპირაციისთვის, დისკუსიისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, კინოში შევხვდებით, კაფეში, გალერეაში, თუ ნავში, ჩვენების წინ, ფილმის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ − ერთმანეთთან გაზიარებული დრო უნიკალური შესაძლებლობაა.
თუ სოციალური ქსელის მეტაფორას მივყვებით, KineDok-ი ღია სივრცეა ახალი ინფლუენსერებისთვის - აქტიური ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ საინტერესო დისკუსიებს სამყაროზე ახალი პერსპექტივებისა და მოსაზრებების მოსასმენად. და რა შეიძლება ამისთვის იმაზე უკეთესი შესაძლებლობა იყოს, ვიდრე სხვისი ცხოვრებისა და გამოცდილების ნახვაა, თან ზუსტად მისი თვალით დანახულის?
უნდა ითქვას, რომ ჩვენებებმა თავისი აუდიტორია ჩვენთვის უფრო ახლობელ და ნაცნობ ადგილებში იპოვა: კაფეებში, გალერეებში, ბიბლიოთეკებში. ყოველწლიურად შერჩეული პროგრამა მაყურებელს კინოთეატრის დარბაზებში ნაჩვენები, ხშირად კომერციული პროგრამის ნაცვლად, ალტერნატიულ ფილმებს სთავაზობს.
სივრცის მენეჯერების (შეიძლება მათ KineDok-ის ,,ინფლუენსერებიც’’ ვუწოდოთ) გამოცდილებით, ადამიანები ეძებენ ალტერნატივას, შინაარსმოკლებულ და უსარგებლო ონლაინ დისკუსიის ნაცვლად, მათ ურჩევნიათ აზრიან, ღია დიალოგში ჩაერთონ.
ჩემი, როგორც პროდიუსერის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც თავს შემოქმედებით ადამიანად, რაღაცის შემქმნელად მიიჩნევს; არ აქვს მნიშვნელობა, უმაღლესი განათლება აქვს სახელოვნებო სფეროში, გამოცდილია თუ გამოუცდელი. ჩემთვის მთავარია ის თემა, რომელზეც მსჯელობა და დისკუსია აინტერესებთ.
KineDok-იც ამავე პრინციპებს მიჰყვება. არ აქვს მნიშვნელობა, კოლეჯის სტუდენტი ხარ, თუ რომელიმე კლუბის წევრი, მთავარია, ამბების გაზიარება გაინტერესებდეს და საკუთარი თავის განვითარება გინდოდეს.
არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა არის თქვენი მიზანი: დისკუსიის წახალისება, ახალი აუდიტორიის მოზიდვა, საინტერესო განხილვებში მონაწილეობა, თუ უბრალოდ, კარგი ფილმების ყურება − ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ ამ პლატფორმის წევრი გახდეთ.
თქვენ მარტო არ იქნებით − სტუმრები, მოდერატორები ჩვენებების დროს ხშირად შემოგიერთდებიან. KineDok-ის ეს ყოვლისმომცველი სახელმძღვანელოც თქვენს განკარგულებაშია. ჩვენ, დიდი ალბათობით, სრულ სურათს ვერ დაგანახებთ, რადგან ეს პროცესი თავად უნდა გამოცადოთ. იგივე ითქმის დოკუმენტურ ფილმებზეც.
ჩანაფიქრის დასასრულებლად, ისევ AI-ს დავუბრუნდი და ვკითხე:
დოკუმენტური ფილმის შესატყვისის მოფიქრება რომ ეთხოვათ, რას შესთავაზებდი?
ასეთი პასუხი მივიღე:
..დოკუმენტური ფილმი სხვა ტერმინით რომ ჩამენაცვლებინა, ისეთით, რომელიც არსს არ დაკარგავდა, „რეალურ ფილმს“ ავირჩევდი.”
ბედნიერი ვარ, რომ KineDok-ს რეალური ფილმები რეალურ სამყაროში შემოაქვს.
და კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ ამ სახელმძღვანელოს წაკითხვის შემდეგ, თქვენც შემოგვიერთდებით და გაწევრიანდებით.
წყაროები
AUTHOR: František eF. Horvát, Producer, Czechia
GRIERSON, Herbert John Clifford, 1946. Grierson on Documentary. London: Collins. ISBN 978-0571113675.
NICHOLS, Bill, 2022. Introduction to Documentary. Second Edition. Bloomington, Indiana: Indiana University Press ISBN 978-0253222602.
OPENAI. ChatGPT-4 [AI program]. OpenAI, 2023 [cit. 2024-1-7]. Available on: https://openai.com/blog/chatgpt
https://openai.com/blog/chatgpthttps://openai.com/blog/chatgpt
Základy dokumentárního filmu, 2012. Člověk v tísni. ISBN 978-80-87456-24-8.
ფოტოები:
GLISNÍKOVÁ Lenka; PISKAČOVÁ Radka a Barbora TRNKOVÁ
I Miss You, Marius (film still)
მეტის წაკითხვა
უკან დაბრუნება
დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!
თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.