ტექნიკური გამოწვევების ლაბირინთი

მარიამ ჯაჭვაძე, მედია მენეჯერი, Chai Khana, საქართველო

კინოს გაცოცხლება

ტექნიკური გამოწვევების ლაბირინთი

სახლის კინოთეატრებისა და VOD პლატფორმის განვითარების პარალელურად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კინოთეატრში მოსულ მაყურებელს ისეთი რამ შესთავაზო, რასაც სახლში ფილმის ყურებისას ვერ გამოცდის. კინოჩვენებების ორგანიზატორებს ხშირად ურჩევენ ხოლმე, რომ ისეთი ღონისძიება/ჩვენება მოიფიქრონ, რომელიც კინოში მოსულ მაყურებელს ფილმთან ერთად, გასართობსაც დაახვედრებს. ამის მიუხედავად, საქართველოსნაირ ქვეყანაში, სადაც დამოუკიდებელი კინოთეატრები ძალიან ცოტაა, საბჭოთა მემკვიდრეობად ქცეული, უფუნქციო კულტურის სახლები კი − არაერთი, რეალობა გაცილებით რთულია. იმ ახალგაზრდებს კი, რომლებმაც თავიანთ პატარა ქალაქებსა და სოფლებში ძველი კულტურის ცენტრებისთვის სიცოცხლის დაბრუნება დაისახეს მიზნად, ჯერ ბაზისური პრობლემის მოგვარება უწევთ. 


საქართველოს რეგიონებში შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც მიტოვებულ შენობებს ახალ სიცოცხლეს შთაბერენ,  კინოჩვენებებსა და დისკუსიებს აწყობენ. მოკლედ, კინოს მაგიის სჯერათ. თუმცა, ამ ამბიციურ მიზანს, თავისი ფასიც აქვს. ეს თითქოს უწყვეტი ბრძოლა და თავდაუზოგავი შრომაა. მაშინ როცა, განვითარებულ ქვეყნებში კინოჩვენებების ორგანიზატორები კინოთეატრებისა და ალტერნატიული სივრცეების ტექნიკურ გამართვაზე (სულ მცირე, პროექტორზე, ხმის სისტემასა და ეკრანზე) არ დარდობენ, საქართველოში ნახავთ ადგილებს, სადაც ელექტროენერგია, შენობის გათბობა და ინტერნეტიც კი დღემდე გამოწვევაა.

ფილმის ხარისხიანი ჩვენებისთვის კარგი პროექცია და ხმის სისტემა აუცილებელია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როგორც აღმოჩნდა, ჩვენებამდე სხვა, თითქოს ნაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხების მოგვარებაც მნიშვნელოვანია. ერთად გადავავლოთ თვალი რა იგულისხმება:

1. გაქვთ, თუ არა ბაზისური ტექნიკური აღჭურვილობა? პროექტორი, ხმა და ეკრანი?

2. სივრცე საკმარისად ბნელდება?

3. ეკრანის სიმაღლე ისეთია, რომ ყველა ადგილიდან კარგად დაინახავს მაყურებელი?

4. ხმის სისტემა გარე ჩვენებებისთვისაც გამოგადგებათ?

5. თუ ჩვენება გარეთ დაგეგმეთ, შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი? ეკრანი დაცული იქნება? წვიმიანი და ქარიანი ამინდი არ უნდა იყოს.

6. უფროსი თაობისთვისაც კომფორტულია დასაჯდომი? პუფებისა და ბალიშების გარდა, კარგი იქნება, თუ სკამებსაც დააწყობთ.

7. წინასწარ შეამოწმეთ ფილმის ფაილი?

8. პროექტორი და ხმის დინამიკები თქვენს ლეპტოპთან სინქრონდება?

ყველა საჭირო კაბელი გაქვთ?

9. თუ ეკრანის ნაცვლად კედელს იყენებთ, კარგად შეამოწმეთ. დაზიანებული ხომ არ არის? ლაქები/ნაკაწრები ხომ არ აქვს?

10. ჩამოწერეთ ფილმი თქვენს ლეპტოპში?

11. ხმა შეამოწმეთ?

12. წინასწარ თუ ნახეთ ფილმი და გაითვალისწინეთ თქვენი რეგიონისა და საზოგადოების კონტექსტი?

13. თქვენი გუნდიდან ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენების ტექნიკურ მხარეზე? დარწმუნდით, რომ ეს ადამიანი ჩვენების ბოლომდე ადგილზეა.

14. თუ ტექნიკური ხარვეზია ფილმის ჩვენებისას, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეს ინფორმაცია მაყურებელს მაშინვე შეატყობინეთ. გულწრფელობას ხალხი ყოველთვის აფასებს.

კინოთეატრის რემონტი

ბოლნისის კინოთეატრის ახალი სიცოცხლე

ძალიან ცოტა პატარა ქალაქია საქართველოში, სადაც კინოჩვენებები ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილია. ბოლნისი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო (აღმოსავლეთ საქართველო, ქვემო ქართლის მხარე), სადაც ახალგაზრდებმა თავიანთ ქალაქში კინოს დაბრუნება მოინდომეს და ძველი შენობის აღდგენის აუცილებლობაში მუნიციპალიტეტიც დაარწმუნეს. კინოთეატრის გამართულ მუშაობამდე ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა გასავლელი, მაგრამ ბოლნისში, სამი კინომოყვარულის ძალისხმევით, 2020 წლიდან ფილმები დიდ ეკრანზე დაბრუნდა − თავიანთ ქალაქში რეჟისორებს ეპატიჟებიან, ფილმებს ერთად უყურებენ, ჩვენებების შემდეგ დისკუსიებს მართავენ. ამის მიუხედავად, ვერ იხსენებენ ერთ დღესაც კი, როცა ჩვენებამ ტექნიკური ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

,,პირველი მიზანი იყო ამ შენობის გაცოცხლება. თავიდან გვეგონა, რომ დარბაზში დაბალი ხმა ჩვენი უხარისხო აუდიო სისტემის ბრალი იყო, მაგრამ რადგან მაღალჭერიანი დარბაზია, თურმე აკუსტიკის პრობლემაა; ხმა თანაბრად ვერ ნაწილდება. ამიტომ ხმის სისტემა კინოდარბაზის მასშტაბს უნდა შეესაბამებოდეს. პროექტორს რაც შეეხება, ყოველთვის სჯობს, ერთ ადგილას იდგას, ზუმის და ფოკუსის გასწორება ყოველ ჯერზე რომ არ მოგიწიოს. ეკრანის ასაწყობად რკინის კონსტრუქცია ვიყიდეთ და სარეკლამო ბანერებისთვის რომ იყენებენ, ის მასალა გამოვიყენეთ ჩვენც. შუქს არ ატარებს, ფონი შავია, ამიტომ პროექტორის სხივები არ გადის. საკმაოდ დიდი ეკრანი გვაქვს. აწყობილ კონსტრუქციაზე მასალის გადაჭიმვა კუთხეებიდან დავიწყეთ, რომ უხარვეზოდ გაჭიმულიყო და ხაზები არ დაეტოვებინა“.

(ვანო ერისთავი, ბოლნისი)


,,აუცილებლად დაკიდეთ მუქი ფარდა კარში. ჩვენების მიმდინარეობისას, მაყურებლის შესვლა-გამოსვლის დროს, ჩაბნელებულ დარბაზში სინათლეს არ შემოუშვებს“.

(ლაზარე გობეჯიშვილი, ბოლნისი)

აკუსტიკის პრობლემა
ტექნიკური გაუმართაობა

Art House გორში

Art House, რომელიც გორის ფოტოგრაფთა კლუბის წევრებმა დააარსეს, კიდევ ერთი შემოქმედებითი სივრცეა აღმოსავლეთ საქართველოში. მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსჯელობას ისინი დოკუმენტური ფილმების დახმარებით ცდილობენ და აუდიტორიას კინოჩვენებებზე ეპატიჟებიან. უნდა ითქვას, რომ კინომოყვარულების შემოკრების ამ პროცესს ტექნიკური გამოწვევები მუდმივად ახლავს თან.

დიდ მრგვალ დარბაზში, რომელიც საგამოფენო სივრცეა, ფილმის ჩვენებისას ხმის პრობლემა შეიქმნა, ექოს გამოსცემდა და ხმა იფანტებოდა. გამოსავალი მაინც მოძებნეს. იატაკზე ხალიჩები დააფინეს, კედლებზე ნახატები დაკიდეს და ხმის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესეს.


„გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. მით უმეტეს მაშინ, როცა კარგი ტექნიკური ბაზა არ გაქვს. AUX კაბელზე, მახსოვს, პრობლემა გვქონდა. ლეპტოპიდან დინამიკში ხმა არ გადაჰქონდა. კაბელის შეცვლა მოგვიწია სასწრაფოდ. მაგ დღის მერე, ხელოვნების სასახლის ერთი დიდი უჯრა სულ სხვადასხვანაირი კაბელით გვაქვს სავსე. დამაკავშირებელი კაბელები სწორად უნდა შეირჩეს კონკრეტულად იმ ლეპტოპისთვის, საიდანაც ფილმს უშვებ. ყველა ლეპტოპთან არ სინქრონდება, ამიტომ წინასწარ შემოწმება აუცილებელია.“

(ანა ბარჯაძე, ხელოვნების სახლი გორში).

ჩვენებები რაჭაში

გამოცდილების მნიშვნელობა კარგად ესმის ეთერ არსანიძესაც, რომელიც რაჭაში, საქართველოს მაღალმთიან მხარეში ცხოვრობს. ეთერი აქტივისტია, რომელმაც სათემო ორგანიზაცია დააარსა რაჭაში. პროექტორი და ეკრანი იყიდა, კიდევ 15-მდე სკამი და სოფლიდან სოფელში ხალხთან კინო ჩააქვს. რადგან მაღალი ხარისხის არც პროექტორი აქვს და არც ხმის სისტემა, ყველა ჩვენებისას ახალ-ახალ გამოწვევას აღმოაჩენს ხოლმე.


,,დინამიკები, რომლებიც ვიყიდეთ, შიდა სივრცისთვის არის, გარე ჩვენებისთვის სიმძლავრე არ ჰყოფნის. ზაფხულში ბავშვებისთვის ღია სივრცეში მულტფილმი ვაჩვენეთ, ისეთი დაბალი ხმა ჰქონდა, ბავშვები ბოლოს სცენაზე ისხდნენ, რომ რამე გაეგოთ.“

(ეთერ არსანიძე, რაჭის სათემო ორგანიზაცია)

როგორ ემზადებიან თეთრიწყაროში კინოჩვენებისთვის?

სივრცის დაბნელება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა სხვა ორგანიზატორებისთვისაც. ფატი შავაძე, რომელიც თეთრიწყაროს ,,ახალგაზრდულ ცენტრში’’ მუშაობს, ვერ იხსენებს ჩვენებას, როცა ფილმი დღის საათებში ანახეს მაყურებელს. აღმოჩნდა, რომ ყოველთვის დაღამებას ელოდებიან. გარდა ამისა, კარგი ინტერნეტიც პრობლემაა რეგიონებში.

რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მიზნით, ექვსამდე სათემო ორგანიზაცია გაერთიანდა. ახალგაზრდა კინომოყვარულების ამ არაფორმალურ გაერთიანებას ქსელის სახელით ვიცნობთ.

ერთმანეთის მხარდაჭერა


,,არასოდეს ვენდობით ინტერნეტს. ფილმს ყოველთვის წინასწარ ვიწერთ. უმჯობესია, თუ წინა დღით ჩამოტვირთავთ და შეამოწმებთ ფაილს. ზოგჯერ ფილმის გადმოწერას 3-4 საათი სჭირდება. ბოლომდე ჩამოიტვირთა თუ არა, ესეც აუცილებლად შეამოწმეთ ხოლმე. ერთხელ გვეგონა, ფაილი მზად იყო, თურმე ბოლო წუთს გათიშულა. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ასეთ დროს არც გარე დისკს ენდოთ. ფილმი ან ლეპტოპში, ან კომპიუტერში“

(ფატი შავაძე, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი).

წყაროები

ფოტოებ:

ADAMIA, Levan; ARSANIDZE, Eter; CHKHARTISHVILI, Natali; KOŘÍNKOVÁ, Eva; PHALAVANDISHVILI, Lasha and Tato TSIKARIDZE

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.