კინოჩვენებები ზეწოლის ქვეშ

მარიამ ჯაჭვაძე, მედია მენეჯერი, Chai Khana, საქართველო

ბრძოლა დემოკრატიისთვის

როცა დემოკრატიისთვის ბრძოლა გარდამტეხ ფაზაშია, სიტყვის თავისუფლებაც წნეხშია. პირადი სივრცეც დაუცველია, თვითცენზურა გაძლიერებული, გამოხატვის თავისუფლებაც საგრძნობლად გაუარესებული − ნათქვამია 2023 წლის ,,თავისუფლება მსოფლიოში“ ანგარიშში. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც აღმოსავლეთ ევროპა ყოფილა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი, სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში, საპროტესტო გამოსვლები საქართველოში − ეს ყველაფერი რეგიონში ცხოვრებას არასტაბილურსა და დაუცველს ხდის. ადამიანები, რომლებიც ხელოვნების სფეროში მუშაობენ, მყიფე დემოკრატიის პირობებში სხვადასხვა მასშტაბის გამოწვევას აწყდებიან.

პოლიტიკური ზეწოლის გარდა, ძლიერდებიან ულტრანაციონალისტური და ულტრაკონსერვატიული მოძრაობები და ჯგუფები, რომლებსაც ზოგჯერ პირდაპირი გავლენა აქვთ კულტურულ ღონისძიებებზე, მათ შორის, ფილმების დისტრიბუციის პროცესზეც. ეს ჯგუფები ძალას განსაკუთრებით მაშინ იკრებენ, როცა ადამიანის უფლებები, უფრო კონკრეტულად, უმცირესობების უფლებები სათანადოდ დაცული არ არის. გარდა ამისა, უფრო ტრადიციულ საზოგადოებებში, აუდიტორია გეი სიყვარულის, ქვიარ თემების მიმართ მგრძნობიარეა. ამიტომაც ფილმებს, რომლებიც ამ ურთიერთობებს ასახავს, წინააღმდეგობით ხვდებიან. შესაბამისად, რეჟისორებიც და კინოჩვენების ორგანიზატორებიც მზად უნდა იყვნენ  იმ სირთულისთვის, რომელსაც შესაძლოა წააწყდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: საქართველო, რუმინეთი, თუ უნგრეთი.

ამ თავში რამდენიმე მაგალითს განვიხილავთ იმის საჩვენებლად, თუ როგორ უმკლავდებიან პოლიტიკურ თუ სოციალურ ზეწოლას რეჟისორები და ჩვენების ორგანიზატორები. იმედია, ეს დაგარწმუნებთ იმაში, რომ ფილმების ჩვენება ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შესაძლებელია. 

როგორ გავუმკლავდეთ სოციალურ და პოლიტიკურ წნეხს?


,,არსებობს სენსიტიური თემები და არ ვიცით, როგორ მიიღებს მას მაყურებელი. ბისტრიცა პატარა ქალაქია და თითოეულ მაყურებელს ვუფრთხილდებით. ეს ნიუ-იორკი არ არის, სადაც ალბათ, დიდად არ ღელავ რას აჩვენებ, რადგან აუდიტორია მაინც გეყოლება. მე აუცილებლად უნდა მივაქციო ყურადღება, რა აღიზიანებს ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხედულებები ჩემსას შეიძლება საერთოდაც არ ემთხვეოდეს,“ საიმონი, ბისტრიცას კულტურის სახლი, რუმინეთი.

ექსპერტებთან კონსულტაცია

სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა

მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსია დოკუმენტური ფილმების დახმარებით ხორვატიაში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. KineDok-ის ადგილობრივი წარმომადგენელი ცდილობს, შექმნას პლატფორმა განსხვავებული აზრისა და კრიტიკული აზროვნების წასახალისებლად. კინოჩვენების ფარგლებში არაერთ სამოქალაქო ორგანიზაციასთან და დარგის ექსპერტთან თანამშრომლობენ. მათ შორის სოციოლოგებთან, ანთროპოლოგებთან, ფილოსოფოსებთან, ბუნების დამცველებთან, ისტორიკოსებთან და ეკონომისტებთან. ამ მიდგომით ცდილობენ, დოკუმენტურ ფილმებში აღბეჭდილი თემებისა და ამბების სხვადასხვა პერსპექტივიდან, განსხვავებული კონტექსტიდან დანახვას.

ჩეხეთის გამოცდილება ამბობს, რომ KineDok-ის ფარგლებში ნაჩვენები ფილმების შემდეგ გამართულმა დისკუსიებმა მაყურებლის განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები დაახლოვა და წაახალისა.  2022 წლის ფილმების კატალოგში იყო ,,ტობის ფერები.“ ევასა და მის ოჯახის ამბავი უნგრეთის პატარა სოფელში ვითარდება. 16 წლის ევამ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ტრანსგენდერია და ტობი დაირქვა. ფილმის სინოფსისში ვკითხულობთ, რომ ეს არის ზღაპარი გათავისუფლებასა და მიმღებლობაზე. ივანა, რომელიც ჩეხეთში, ჰრუბინკას კულტურისა და სპორტის ცენტრის წარმომადგენელია, ამბობს, რომ ფილმზე მაყურებლის რეაქციამ გააკვირვა. საქართველოშიც იგივე პრაქტიკა აქვთ. თუკი სივრცის შერჩევისას, აუდიტორიას და ქვეყნის კონტექსტს გაითვალისწინებ, ჩვენების წარმატება თითქმის გარანტირებულია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქვიარ თემზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების ჩვენება  სარისკო შეიძლება იყოს, რადგან ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან საფრთხე რეალისტურია, ,,ტობის ფერების“ ორმა საჯარო ჩვენებამ თბილისში უხმაუროდ ჩაიარა.


,,როცა ,,ტობის ფერები“ ვაჩვენეთ, დავინახე, რომ აუდიტორიაში რამდენიმე მაჩო იჯდა. მეგონა, ფილმის დასასრულს არც დაელოდებოდნენ და გავიდოდნენ, მაგრამ ბოლომდე უყურეს. აღფრთოვანებულები იყვნენ, როგორ უმკლავდება ტობი გამოწვევებს და როგორი რთული ყოფილა ნამდვილი იდენტობის ძიების პროცესი“

ემპათიის გაღვივება

პოტენციური ბარიერების დანახვა

KineDok საქართველოს წარმომადგენელიც ითვალისწინებს ამ გამოცდილებას. ნატალი ჩხარტიშვილისთვისაც დიდი მიღწევაა, როცა ფილმის საჯარო ჩვენების წინ, საფრთხეებისა და რისკების წინასწარ ამოცნობა შეგიძლია. ფილმებმა, რომლებსაც აჩვენებენ, დისკუსია უნდა გამოიწვიოს და ემპათია გააღვიძოს. ამიტომ კონკრეტული დოკუმენტური ფილმისთვის ალტერნატიული სივრცე სიფრთხილით შეირჩეს: თემისა და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.

„ჩვენ ერთი დახურული ჩვენება მოვაწყვეთ ჟურნალისტებისთვის სამხრეთ კავკასიიდან, რომლებიც Chai Khana Media-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს − „როგორ გავაშუქოთ ქვიარ საკითხები „ესწრებოდნენ. მეორე ჩვენება უსახელო გალერეაში გვქონდა. ეს ჩვენი მიზანმიმართული არჩევანი იყო, რადგან ვიცოდით, რომ ამ სივრცეში ხშირად იმართებოდა ღონისძიებები ქვიარ თემისთვის ან მათი მონაწილეობით. ამიტომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მშვიდად ჩაივლიდა ჩვენება და არც დისკუსიას მოჰყვებოდა ხმაური“

(ნატალი, Chai Khana, საქართველო).

მეხსიერება, როგორც კონფლიქტის მაპროვოცირებელი

ბევრმა ფაქტორმა შეიძლება დაყოს ადამიანები. მათ შორის მეხსიერებაც შეიძლება კონფლიქტისა და წინააღმდეგობის მიზეზი გახდეს. ეს მაშინაც ჩანს, როცა ისტორიულ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებ მაყურებელს. თუმცა, ამასთან ერთად, კინოჩვენება შეიძლება კარგი ინსტრუმენტი იყოს რეფლექსიისთვის და დიალოგისთვის. ხორვატიაში ფილმები, რომლებიც იუგოსლავიას და ყოფილ სოციალისტურ რეჟიმს ეხება, დღესაც პრობლემურია. ამიტომ აუდიტორიას სიფრთხილით ეკიდებიან, რათა მოსახლეობაში დაპირისპირება არ გამწვავდეს. ისტორიულ მოვლენებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების კარგი სამიზნე აუდიტორია სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან.

დინა პოკრაჟაკი, რომელიც ზაგრებში KineDok-ის წარმომადგენელია, ამ გამოწვევებზე ჰყვება:

„სადავო ისტორიული მოვლენები ჩვენს საზოგადოებაში დღესაც მტკივნეულია და სამწუხაროდ, კოლექტიური მეხსიერება მუდმივად იშლება და ახალი იწერება. რაღაც ფილმებს სკოლის მოსწავლეებს და არასრულწლოვანებს ვაჩვენებთ. მშობლებისგან და სკოლის დირექტორებისგან ნებართვის აღება ზოგჯერ რთულია, მაგრამ დათანხმებას მაინც ვახერხებთ ხოლმე. კარგად მოდერირებული დისკუსიებით და სანდო ექსპერტების ჩართულობით, ყოველთვის ვცდილობთ მოვლენების ფართო პერსპექტივა დავინახოთ.“

ფილმები პოლიტიკური წნეხის ქვეშ

პოლიტიკური წნეხი გაცილებით რთულია მაშინ, თუ მასში ოლიგარქის ინტერესები ან ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანები იკვეთებიან. დოკუმენტალისტ სალომე ჯაშის ბოლო ფილმი „მოთვინიერება“ ქართული კინოს დიდი წარმატებაა. საერთაშორისო ფესტივალებზე არაერთი პრიზი აქვს აღებული, ნომინირებული იყო სანდენსის კინოფესტივალზეც. ამის მიუხედავად, „მოთვინიერება“ სამშობლოში ყველაზე საკამათო/კონტროვერსიულ ფილმად იქცა, რადგან ის ირიბად ეხმიანება ბიძინა ივანიშვილს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს.

2021 წლის ზაფხულში, სალომე ჯაშმა მოლაპარაკება დაიწყო ,,კავეასთან,“ კინოთეატრების გაქირავების ერთადერთ ქსელთან, რომ ფილმი ქართველ მაყურებელსაც ენახა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, სალომემ მენეჯმენტისგან უარის წერილი მიიღო:

,,ჩვენ არ გვაქვს დოკუმენტური კინოს გაქირავების პრაქტიკა.“ სალომესთვის ეს დამაჯერებელი არგუმენტი არ ყოფილა, რადგან ,,კავეა“ კინოკომპანიებისგან დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს იღებს და თავის ონლაინ პლატფორმაზე (გამომწერებისთვის) ათავსებს. იმავე წელს რამდენიმე ალტერნატიული სივრცის მენეჯერმა რეგიონებში (ქვემო ქართლში, ოზურგეთში, ბათუმში) ფილმის ჩვენებისგან თავი შეიკავა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შესაძლო დაპირისპირება თავიდან აეცილებინა.

ეს უხერხულობა უცხო არ აღმოჩნდა მინდია ესაძისთვისაც, რომელიც იმ დროს  საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო. კინოაკადემია თბილისში არის დამოუკიდებელი, არაკომერციული სივრცე, რომელიც ერთადერთია საქართველოში არსებულ კინოდარბაზებს შორის, რომელიც ორიენტირებულია საავტორო კინოს პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაზე. „მოთვინიერება“ კინოს სახლში 7-ჯერ უნდა ეჩვენებინათ, ფილმის რეჟისორთან ეს უკვე შეთანხმებული იყო. თუმცა, დაპირება არ შესრულდა და ფილმის ჩვენებები მოულოდნელად გაუქმდა. სალომე ჯაში ოფიციალურ პასუხს იხსენებს: ,,მინდია ესაძემ მითხრა: ვერ ვაჩვენებთ ფილმს, რომელმაც შეიძლება განსხვავებული აზრი გამოიწვიოს და ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაყოს. თან თქვა, არ მინდა მსხვერპლი ვიყოო.“

ამ ფაქტმა გაცილებით დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრმა ორგანიზაციამ  აჩვენა ფილმი. მათ შორის იყვნენ: თეატრი ჰარაკი, გოეთეს ინსტიტუტი, კაფე ეზო, კაფე მზიური და სხვები. 

ცენზურასთან ბრძოლა

ფილმმა „მოთვინიერება“ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დაგეგმილი რეორგანიზაციისა და კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე. 2023 წლის ივნისში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საჯაროდ გააკრიტიკა სალომე ჯაში და მისი ფილმი, რომელსაც „აბსურდი“ და „სამარცხვინო“ უწოდა. კობახიძის კრიტიკა დაიმსახურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმაც, რომელმაც ფილმი დააფინანსა. ,,მთავარია, სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული, ფილმები სწორი შინაარსის უნდა იყოს,“ − ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს 2023 წლის 19 ივნისს.

KineDok საქართველომ ამ განცხადებიდან მეორე დღეს ფილმის ორი ჩვენება მოაწყო. დაახლოებით 100-მდე მაყურებელი შეიკრიბა, რომელმაც ფილმის შემდეგ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. მათ კი, ვინც დასწრება ვერ შეძლო, VOD პლატფორმა შესთავაზეს.

..მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ათობით მესიჯს ვიღებდით და ფილმის გაზიარებას გვთხოვდნენ. ასეთ არასტაბილურ გარემოში, VOD პლატფორმაზე წვდომა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. გაცილებით სწრაფად ვრცელდება,“ − ამბობს ნატალი ჩხარტიშვილი, KineDok საქართველოს კოორდინატორი.

ცენზურის მცდელობამ და პოლიტიკურმა წნეხმა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივებისკენ უბიძგა. ქართული კინო საფრთხეშია − ეს მოძრაობა პასუხია საქართველოს კულტურის სამინისტროს გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებებზე. საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში კინოჩვენებების ახალი ტალღა დაიწყო სახელად „ქართული კინო ქართველი მაყურებლისთვის.“ ეს ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, შესაძლებელს ხდის, რომ ადამიანებმა თანამედროვე ქართულ კინოს თავიანთ ეზოებში უყურონ. იმ პირობებში, როცა მუნიციპალური კინოთეატრები აღარ არსებობს, თავად ფილმები იწყებს მაყურებელთან შეხვედრას.

7 აუცილებლობა

ამ მრავალფეროვანი გამოცდილების გათვალისწინებით, კინოჩვენებების ორგანიზატორები და ალტერნატიული სივრცეების მენეჯერები არ წააგებენ, თუ რჩევების ამ სიას მიჰყვებიან:

1. დაფიქრდით თქვენი ქვეყნისა და საზოგადოების პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტზე. ფილმიც თქვენი აუდიტორიის ინტერესებისა და მახასიათებლების შესაბამისად შეარჩიეთ.

2. მეგობრული და უსაფრთხო ატმოსფერო შექმენით. ფილმის შემდეგ დისკუსიისთვის მოიწვიეთ სტუმრები, ექსპერტები. განხილვამ და ახალმა პერსპექტივამ შეიძლება მაყურებელს სხვა ჩვენებების მიმართაც გაუჩინოს ინტერესი.

3. ამ დისკუსიაში აუდიტორიაც ჩართეთ. სთხოვეთ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, დასვან შეკითხვები.

4. აუდიტორიის მოსაზიდად გაითვალისწინეთ საკომუნიკაციო ენა, განსაკუთრებით იმ ფილმებზე, რომელთა თემატიკაც სენსიტიურია.

5. წაახალისეთ ღია და გულწრფელი დიალოგი მაყურებლებში.

6. იფიქრეთ ისეთ ალტერნატიულ სივრცეებში კინოჩვენებაზე, სადაც უსაფრთხოება გარანტირებულია.

7. იფიქრეთ პროტესტის შემოქმედებით გზებსა და მხარდასაჭერ ინიციატივებზე.

უსაფრთხო სივრცე

დისკუსია

მხარდაჭერა

წყაროები

ფოტოები:

CHKHARTISHVILI, Natali

Film stills (Taming the Garden, Colors of Tobi, Once Upon a Youth)

იცხოვრე დოკუმენტური ფილმებით. შემოგვიერთდით!

დაიწყეთ ყოველი თვე განახლებული ინფორმაციით. გახდით ჩვენი გამომწერი!

თანახმა ვარ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.